Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმრებო!

მოხარული ვარ, რომ ეწვიეთ ქ. განჯაში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდს.

ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული ბმულები, შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ გენერალური საკონსულოს საქმიანობას, თვალ-ყური მიადევნოთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკას, აგრეთვე მოიძიოთ სასურველი ინფორმაცია ჩვენი სამშობლოს შესახებ - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში, გაეცნოთ უახლეს ინფორმაციებს საკონსულო რეგულაციების შესახებ.

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. განჯაში ფუნქციონირებს 2014 წლის 19 თებერვლიდან. გენერალური საკონსულოს მუშაობის მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეების ასევე იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა საკონსულოს დაფარვის ოლქში, აგრეთვე, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკა, ვაჭრობა, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები, ტურიზმი.

გენერალური საკონსულოს გადაფარვის არეალი მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 ქალაქს  - განჯასა და მინგეჩაურს და 14 რაიონს: აღსტაფა, ყაზახი, თოვუზი, შამქორი, გედაბეი, დაშქესანი, გეიგელი, სამუხი, გორანბოი, ევლახი, შექი, კახი, ზაქათალა, ბელაქანი.

აღსანიშნავია, რომ კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ  ქართველი ეროვნების მოქალაქეები. გენერალური საკონსულოს  მუშაობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. კახის რაიონში, აგრეთვე ფუნქციონირებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები: სოფ. კახინგილოს წმინდა გიორგის,  სოფ. ალიბეგლოს წმინდა ნინოს და სოფ. ქოთოქლოს სამების სახ. ტაძრები.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ერთმანეთთან დაძმობილებულები არიან გენ. საკონსულოს დაფარვის ოლქში შემავალი, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს შემდეგი ქალაქები: განჯა და ქუთაისი (1996 წ.), შექი და თელავი (2006 წ.), შამქორი და მარნეული, აღსტაფა და გარდაბანი, გეიგელი და ბოლნისი, დაშქესანი და დმანისი (2022 წ.). ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს, ისტორიულად, ერთმანეთთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობები, სახელმწიფოთა შორის კავშირების განვითარებაზე კი დადებითად აისახება ორი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობა, რადგან ქალაქების დაძმობილება, უპირველესად, ემსახურება ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ურთიერთ ცნობადობის ხარისხის ამაღლებ.

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანული მხარე დადებითად გამოეხმაურა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ინიციატივას და 2023 წლის 4 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ერთობლივი ორგანიზებით, აგრეთვე ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, ქ. განჯაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა უდიდესი ქართველი კლასიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა. დაბადებიდან 206-ე წლისთავთან დაკავშირებით, პოეტის მემორიალური დაფა განთავსდა  ჯავადხანის კანცელარიის მუზეუმის შენობის ფასადზე, რომლის ადგილზე, სავარაუდოდ განთავსებული იყო ქ. განჯის მაზრის ყოფილი უფროსის რეზიდენცია და გარდაცვალებამდე აქ მოღვაწეობდა (1844-1845 წ.) ნიკოლოზ ბარათაშვილი (48 წლის განმავლობაში, ქართველი პოეტი დაკრძალული იყო ქ. განჯაში).

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს - ქ. განჯაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულებს მამუკა ბალავაძესა და ნიკოლოზ იაშვილს, მათი მიერ გაწეული ძალისხმევისა და ნაყოფიერი საქმიანობის გამო, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კავშირების გაღრმავებისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ეკონომიკური პოტენციალი, ამ ეტაპზე,  იძლევა, როგორც ტრადიციულ სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ახალი მიმართულებების იდენტიფიცირებისა და მათი  სამომავლო განვითარების შესაძლებლობას, რაც შესაბამისად, საჭიროებს ახალ ინიციატივებსა და მიდგომებს ორივე მხრიდან.

ჩემო თანამემამულენო, მტკიცედ გჯეროდეთ, რომ პირადად საქართველოს გენერალური კონსული და გენერალური საკონსულოს  თითოეული თანამშრომელი, ძალ-ღონეს არ დაიშურებ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმარო და თანადგომა გაუწიო საქართველოს ყველა მოქალაქეს, დაიცვა მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები.

 

  

კახაბერ აბდალაძე

საქართველოს გენერალური კონსული . განჯაში