Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი მიგრაციული კანონმდებლობის შესახებ

საქართველოს მოქალაქის ყველა ტიპის პასპორტის მფლობელს ვიზის გარეშე შეუძლია შესვლა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანში ერთჯერადად დარჩენის მაქსიმალური ვადა შეადგენს 90 დღეს. პიროვნებამ, რომელიც გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას 10 დღეზე მეტი ვადით, აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამისათვის, ადგილმდებარეობის (სასტუმრო, სანატორიუმი, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, კემპინგი, ტურისტული ბაზა, საავადმყოფო და ა.შ.) ხელმძღვანელობამ, ან ბინისა და სხვა საცხოვრებელი ადგილის მეპატრონემ, ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში, განცხადება-ანკეტა (იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი) და უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პასპორტის ასლი, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ან პირადი გამოცხადებით, უნდა წარუდგინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურს. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურებში, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე - [email protected]. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მიგრაციის სამსახურს ცხელ ხაზზე: (+99412) 919. ვებ-გვერდი: www.migration.gov.az.

მიგრაციის სამსახური არეგისტრირებს უცხოელს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს და ამის თაობაზე წერილობით პასუხს აძლევს მიმღებ მხარეს. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეგისტრაციისათვის არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო გადასახადი. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნიდან ყოველი გასვლა-შემოსვლისას საჭიროა რეგისტრაციის ხელახლა გავლა.

ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 300-დან 400 აზ. მანათის ფარგლებში. ასევე, შესაძლებელია ქვეყნიდან დეპორტაცია სხვადასხვა ვადით.

ინფორმაცია აზერბაიჯანში ავტომანქანით შემოსვლის მსურველთათვის

საზღვრის გადმოლახვისას სავალდებულოა ავტომანქანების დაზღვევა, ე.წ. „მესამე პირის დაზღვევა." აღნიშნული დაზღვევა არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზღვევას, არამედ, აზღვევს ამ ავტომობილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზიანებულ სხვა ავტომანქანებს. დაზღვევის თანხის ოდენობის გამოსათვლელი „კალკულატორი" შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 
http://isb.az/index.php?option=com_content&view=article&id=34&Itemid=53&lang=ru

მსუბუქი ავტომობილების ქვეყანაში ყოფნის ერთჯერადი ვადა, აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, განისაზღვრება საბაჟო სამსახურის შეხედულებისამებრ, მაქსიმუმ 30 დღემდე ვადით.

ინფორმაცია აზერბაიჯანში მუშაობის მსურველთათვის

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 04.12.2014 წლის N387 გადაწყვეტილების - „წლის განმავლობაში 90 დღეზე მეტ ხანს აზერბაიჯანში მივლინებაში მყოფი უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამუშაო სფეროების სია, სადაც არ მოეთხოვებათ სამუშაო ნებართვა“ საფუძველზე, უცხო ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეებს, აზერბაიჯანში მუშაობის ნებართვის გარეშე შეუძლიათ მუშაობა შემდეგ სფეროებში:

  1. სამთო მოპოვების მრეწველობა;
  2. გადამამუშავებელი მრეწველობა;
  3. ელექტროენერგიით, გაზით, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერით მომარაგება;
  4. ინფორმაცია და კავშირგაბმულობა;
  5. ფინანსები და დაზღვევა;
  6. განათლება;
  7. ტრანსპორტი;
  8. წყალმომარაგება, დაბინძურებული წყლისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდა.

ჩამოთვლილი სფეროების გარდა, სხვა სფეროებში დასაქმების მსურველებს ესაჭიროებათ სამუშაო ნებართვა, რომელსაც დამსაქმებლის მიმართვის შემდეგ, აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარდგინებით, გასცემს აზერბაიჯანის მიგრაციის სახელმწიფო სამსახური. ნებართვის გარეშე მუშაობის გამოაშკარავების შემთხვევაში, დადგება დამრღვევის ადმინისტრაციული წესით - 400 აზ. მანათით დაჯარიმებისა ან/და ქვეყნიდან დეპორტაციის საკითხი.

შეზღუდვები და აკრძალვები

  • აზერბაიჯანში აკრძალულია დაბურულმინიანი, ასევე მარჯვენასაჭიანი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. 
  • აკრძალულია ქვეყანაში სხვადასხვა სახის ცივი იარაღის შემოტანა, როგორებიცაა დანა, კასტეტი, ხელკეტი (მათ შორის გასაშლელი) და მსგავსი საგნები. ჩამოთვლილი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • ე.წ. „მთიან ყარაბაღში" სომხეთის მხრიდან შესვლის შემთხვევაში, მოქალაქე აღმოჩნდება ე.წ. „შავ სიაში" და აეკრძალება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა.