ქ. განჯაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე
2025 წლის 26 მაისს, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.
საზეიმო მიღება გაიხსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა კახაბერ აბდალაძემ და ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ნიაზი ბაირამოვმა.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ: კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლეგენდა“ (ხელმძღვანელი ლაშა ასლამაზიშვილი), კახის რაიონის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერის საბავშვო ანსამბლი „ქურმუხი“ (ხელმძღვანელი გიორგი ეპიტაშვილი) და ცეკვის ბავშვთა ადგილობრივი ანსამბლი „ხამსა“ (ხელმძღვანელი სანან ჯავადოვი).
საზეიმო მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა ალა-ფურშეტი და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
„მეჰსეთი განჯევის ცენტრში“ გამართულ მიღებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ნიაზი ბაირამოვი. მიღებას ასევე ესწრებოდნენ: ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებელი მოხელეები, სახელისუფლო პარტიის „იენი აზერბაიჯან“ („ახალი აზერბაიჯანი“) განჯის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბაირამ ასლანოვი, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. განჯაში რეჯეფ ოზთოფი და საკონსულოს დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს შსს-ს ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ბაჩალიაშვილი, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სტრუქტურათა ხელმძღვანელები, მიგრაციის რეგიონული სამსახურის პასუხისმგებელი პირები, ქ. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ქართული დიასპორის, საწარმოების, კომპანიების, საქმიანი წრეების, სხვადასხვა საზოგადოებრივი სტრუქტურის და მას-მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის ქ. განჯის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განჯა-დაშქესანის კულტურის რეგიონულ სამსახურს საზეიმო მიღების ორგანიზების პროცესის მხარდაჭერისთვის.