ქ. განჯაში გაიმართა ერთობლივი სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა
2025 წლის 5 ივნისს ქ. განჯის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „კუკარაჩას“ პრემიერა. ერთობლივი სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, განხორციელდა ოზურგეთისა და განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრების მსახიობთა მონაწილეობით.
პრემიერას დაესწრნენ ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ნიაზ ბაირამოვი, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში კახაბერ აბდალაძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. განჯაში რეჯებ ოზთოფი, ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს გენ. საკონსულოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, განჯა-დაშქესანის რეგიონის კულტურის სამსახურის, საგანმანთლებლო სფეროსა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ნიაზი ბაირამოვი სცენაზე ავიდა და პირადად მიულოცა წარმატებული პრემიერა შემოქმედებით ჯგუფს.
6 ივნისს, სპექტაკლში მონაწილე მსახიობები გაემგზავრნენ აზერბაიჯანის დედაქალაქში. ,,კუკარაჩას“ მორიგი პრემიერა გაიმართება 7 ივნისს, 19:00 საათზე, ქ. ბაქოს სახელმწიფო აკადემიურ მუსიკალურ თეატრში. ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული სპექტაკლი, აგრეთვე წარდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-5 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება ა.წ. ივლისში, ქ. ოზურგეთში.
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. განჯაში ულოცავს ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს ვასილ ჩიგოგიძეს, პროექტის მხატვრულ ხელმძღვანელს - ქ. ბაქოს სახელმწიფო აკადემიური მუსიკალური თეატრის დირექტორს აგილ ბახრამლის, ქ. ოზურგეთისა და ქ. განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრების მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას და ორი მეგობარი ქვეყნის თეატრალურ საზოგადოებებს უსურვებს შემდგომ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერა ფართოდ გაშუქდა აზერბაიჯანულ მედიაში.