გენერალური კონსული დაესწრო გიორგობის დღესასწაულს ქ. კახში
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს ეწვია საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ხელმძღვანელობით.
საზეიმო ღვთისმსახურებას დაესწრნენ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარაძე და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული, კახაბერ აბდალაძე თანამშრომლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ მოწვეული სტუმრებისათვის და ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისათვის გიორგობის მისალოცად ტაძარს ეწვივნენ კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ახლად დანიშნული მეთაური, ელვინ ფაშაევი და მისი მოადგილე, ელბრუს თაღიევი, აგრეთვე რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ილგარ ველიევი.
სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდა საზეიმო მიღებით, სადაც რაიონის ხელმძღვანელობისა და სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ კახის ქართული სკოლების მოსწავლეები.
