გენერალური კონსული დაესწრო ღონისძიებას - „ჰეიდარ ალიევის ფონდი და განჯა“
26 აგვისტოს, ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების მიწვევით, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე დაესწრო ღონისძიებას - „ჰეიდარ ალიევის ფონდი და განჯა“. ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა წიგნის პრეზენტაცია - „მეჰრიბან ალიევა: ჰუმანიზმისა და ქველმოქმედების მფარველი“ და ნაჩვენები იქნა ვიდეო-რგოლი ფონდის ქ. განჯაში საქმიანობის შესახებ.
ღონისძიება გაიხსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნით, რის შემდეგაც, დამსწრე საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის თავდადებულთა ხსოვნას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ნიაზი ბაირამოვმა ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას ხელმძღვანელობით მოქმედი „ჰეიდარ ალიევის ფონდის“ მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო პროექტების შესახებ 20 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
ღონისძიებაზე ითქვა, რომ ფონდი მატერიალური სახის დახმარებას და მზრუნველობას უწევს ხელმოკლედ მცხოვრებ ადამიანებს, აგრეთვე ეწევა აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მდიდარი სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე აზერბაიჯანის მშენებლობის პრაქტიკულად ყველა სფეროში და ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში, „ჰეიდარ ალიევის ფონდი“ ნაყოფიერად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ფიკრეტ ამიროვის სახ. განჯის სახელმწიფო ფილარმონიის გოიგოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტებმა წარმოადგინეს „მუღამის“ სხვადასხვა ნიმუში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯან“ („ახალი აზერბაიჯანი“) ქ. განჯის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ბაირამ ასლანოვი, ქ. განჯაში თურქეთის გენერალური კონსული რეჯებ ოზთოფი, ქ. განჯაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ორგანიზაციებისა და შემოქმედებითი გაერთიანებების ხელმძღვანელები.