ქ. განჯაში გაიმართა "დედა ენის" დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2025 წლის 14 აპრილს, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება შედგა ჯავადხანის კანცელარიის მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სადაც განთავსებულია უდიდესი ქართველი კლასიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა.
ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გენ. საკონსულოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფ. კახისთავის N1 ქართული სრული საშუალო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. აზერბაიჯანული მხრიდან, ღონისძიებას დაესწრო ქ. განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აბუზარ ზეინალოვი.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა კახაბერ აბდალაძემ. მან მიულოცა დამსწრე საზოგადოებას „დედა ენის“ დღე და ისაუბრა, ქართულის, როგორც დედა ენის უდიდეს მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის და ერის წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, ყვავილებით იქნა შემკობილი ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა და სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ნ. ბარათაშვილისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიების დასრულების შემდეგ, კახიდან ჩამოსული თანამემამულეებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური ქ. განჯაში.
„დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შედგა ქ. განჯის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შექი-ზაქათალის რეგიონული განათლების დეპარტამენტთან შეთანხმებით.